მოიმარაგეთ ნაჭრის ჩანთები - პოლიეთილენის პარკების რეალიზაცია აიკრძალა

01 აპრილი 2019, 00:00 10821 ნახვა

პირველი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. შეზღუდვები ქვეყანაში ორ ეტაპად განხორციელდა. 1 ოქტომბრიდან მიმოქცევიდან ამოიღეს მხოლოდ თხელი, ერთჯერადი პარკები. დღეიდან კი აკრძალვა ნებისმიერი სისქის, არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოებას და გამოყენებასაც შეეხო. 

ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ მოქალაქეებს საშუალება აქვთ მხოლოდ ​ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი გამოიყენონ. ვიზუალურად ის ჩვეულებრივი ''ცელოფნის პარკისგან'' არ განსხვავდება, განსხვავებულია მისი შემადგენლობა. როგორც სპეციალისტები ამბობენ ის მთლიანად ან ნაწილობრივ ბიოლოგიური, განახლებადი ნედლეულით წარმოებული პარკია, რომელიც ბიოდეგრადაციასა ექვემდებარება. 

თუ პოლიეთილენის პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წელი სჭირდება, ბიოდეგრადირებადი პარკი 3-6 თვეში იწყებს დაშლას და 24 თვეში სრულად იშლება.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ერთი ადამიანი 550-ზე მეტ ერთჯერად პარკს იყენებს. თუ ამ მონაცემებს მოსახლეობის რაოდენობაზე გადავამრავლებთ, ერთ წელში ბუნებაში 2 მილიარდამდე პოლიეთილენის პარკი ხვდება, რომლის დაშლას სულ მცირე 400 წელი სჭირდება. 

ახალი რეგულაციის მიხედვით, ბიოდეგრადირებად პარკებზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია: პლასტიკის პარკის  მწარმოებელი, პარკის სისქე და შემადგენლობა. 

საქართველოში პროცესს მონიტორინგს ერთდროულად რამდენიმე სამსახური გაუწევს. პარკების წარმოებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, პარკების იმპორტს – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო პარკების რეალიზაციისას – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო გააკონტროლებს.

კანონდარღვევის შემთხვევაში მეწარმე სუბიექტი 500 ლარით დაჯარიმდება და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციაც მოუწევს, განმეორებით ჩადენილი ქმედება კი მეწარმეს 1 000 ლარი დაუჯდება. 

ადამიანი გარემოს ყველაზე მეტად პოლიეთილენის ნაწარმით აბინძურებს. პარკებით, რომელიც რამდენიმე წუთის მოხმარებისთვის არის გათვლილი. ახალი რეგულაციას საქართველოს მთავრობამ სწორედ, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გამოწვეული მავნე ზემოქმედების შემცირებისთვის შეიმუშავა. 

აკრძალვის ამოქმედებამდე რამდენიმე მსხვილმა სუპერმარკეტებმა და სააფთიაქო ქსელების ნაწილმა პლასტიკი მოხმარებიდან სრულად ამოიღო, ნაწილი კი მოქალაქეებს ალტერნატივის სახით მრავალჯერადი ჩანთების ყიდვას სთავაზობს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი