საქართველოში უკვე მესამე თვეა საპენსიო რეფორმა ამოქმედდა. მოქალაქეები, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტომდე გახდნენ 40 წლის, მათთვის საპენსიო ფონდში თანხის დაგროვება ნებაყოფლობითია. ხოლო 40 წლამდე მოქალაქეებისთვის სავალდებულო.
თუ თქვენ, 2018 წლის 6 აგვისტომდე 40 წლის იყავით და სხვადასხვა მიზეზის გამო, აღარ გსურთ საპენსიო ფონდში თანხის დაგროვება, 1 აპრილიდან გაქვთ საშუალება გამოხვიდეთ დაგროვებითი სისტემიდან.
საპენსიო ფონდში აცხადებენ, რომ ამისთვის განცხადების დაწერა იქნება საჭირო. საპენსიო ფონდიდან გასასვლელად თქვენ სოციალური სააგენტოს ფილიალებში მოგიწევთ მისვლა და განცხადების დაწერა. სააგენტოში თქვენი განცხადების ელექტრონულ ვერსიას ადგილზევე მოგაწვდიან, ხელს მოაწერთ და აღარ ჩამოგეჭრებათ ანაზღაურების 2%, რომელიც საპენსიო ფონდში თქვენს ანგარიშზე ირიცხებოდა.
თუ თქვენ ფიზიკურად არ შეგიძლიათ სოციალურ მომსახურების სააგენტოში მისვლა, მაშინ მინდობილობის გაკეთება დაგჭირდებათ, რომელიც ნოტარიულად უნდა იყოს დამოწმებული.
თუ თქვენ საბოლოოდ გადაწყვიტეთ უარი თქვათ დაგროვებით პენსიაზე, მაშინ განცხადების დაწერიდან 30 კალენდარულ დღეში, სამი თვის განმავლობაში დაგროვებული თანხის უკან დაგიბრუნდებათ. თუმცა დაგიბრუნდებათ თქვენი ხელფასიდან გადახდილი 2%-ტი და არა მთლიანი თანხა, რომელიც რეფორმის თანახმად, თქვენთან ერთად თქვენმა დამსაქმებელმა და სახელმწიფომ გადარიცხა.
მაგალითად: თუ გაქვთ 1000 ლარი ხელფასი საპენსიო ფონდში თქვენი გადარიცხული თანხა, სამი თვის განმავლობაში, 60 ლარი იქნება. 60 ლარს გადარიცხავდა სახელმწიფოც და ამდენივეს დამსაქმებელი. თქვენ საპენსიო ანგარიშზე ახლა 180 ლარი იქნება დაგროვებული, თუმცა უკან მხოლოდ 60 ლარი, თქვენს მიერ გადახდილი თანხა დაგიბრუნდებათ.
"ვფიქრობთ, ძალიან ბევრი მსურველი არ იქნება, ვისაც საპენსიო დაგროვებით სისტემიდან უნდა გასვლა" - ფიქრობენ სააგენტოში.
საქართველოს მასშტაბით სოციალური სააგენტოს 69 ფილიალი მუშაობს. ბათუმში სოციალური სააგენტო ტაბიძის 2 ნომერში მდებარეობს.
რა არის საპენსიო სქემა და რა თანხა დაგვიგროვდებათ? - საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებულ სტატიაში წერია, რომ თუ თქვენ დაგროვებითი პენსიის სქემაში დარჩებით, 20 წლის დასაქმებულს, 1000 ლარიანი ხელფასის შემთხვევაში, საპენსიო ასაკამდე 400,000 ლარზე მეტი დაგიგროვდებათ. იხ. ფონდის სტატია აქ.