ბათუმის დრამატული თეატრი 4 წლიანი პაუზის შემდეგ პირველ მაყურებელს დღეს მიიღებს. თეატრი საზეიმო ვითარებაში, ორი საპრემიერო სპექტაკლის ჩვენებით გაიხსნება. ტრაგედიისა და კომედიის, „კლდიაშვილი.ჯი“-ს და „ხანუმა“-ს ნახვამდე, სტუმრები თეატრის ისტორიასთან დაკავშირებულ გამოფენას დაათვალიერებენ.
თეატრში სარემონტო სამუშაოების შემდეგ შეიცვალა გათბობისა და სავენტილაციო სისტემები, განათებისა და გახმოვანების აპარატურა, გარემონტდა 46-ვე საგრიმიორო მაგიდა, მოეწყო სარეპეტიციო სივრცე და სამხატვრო კუთხე. იგი სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
შეგახსენებთ, რომ რეაბილიტირებული თეატრის შენობა ოფიციალურად 25 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პრემიერ-მინისტრმა გახსნა, მედიის გარეშე.
საზეიმო გახსნაზე დღეს სტუმრებს ელოდებიან, მათ შორის უცხოეთიდან, ასევე ღონისძიებას დაესწრებიან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.