სამართალდამცველებმა გამოძალვის ბრალდებით ბათუმში 6 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ექვსივე მოქალაქე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების ნაწილი ბათუმში, ადლიის ქუჩაზე მდებარე რესტორანსა და აეროპორტის ქუჩაზე მდებარე კლუბში მუშაობდა.
ისინი თანამზრახველებთან ერთად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, სისტემატურად სთხოვდნენ თითქოსდა შეკვეთილი, არარსებული მენიუს საფასურს. დაშინებით კი რეალურ ღირებულებასთან შეუსაბამო თანხებს ახდევინებდნენ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტებზე მიმდინარეობს.