არ შეიძლება, ქვეყანაში დაკანონდეს საბოტაჟი, შესაბამისად, ვფიქრობ, პარლამენტმა მიიღო უალტერნატივო გადაწყვეტილება ოპოზიციისთვის მანდატის შეწყვეტის თაობაზე - პრემიერი

05 თებერვალი 2025, 17:44 118 ნახვა

ოპოზიციამ შეიტანა განაცხადი ჯერ კიდევ ნოემბერში მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მათ ჰქონდათ გარკვეული დრო, ჩვენ არ ავჩქარდით, დეკემბერშიც შეიძლებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დამატებით, დაახლოებით ორი თვე ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას იმისათვის, რომ გადაეხედათ საკუთარი გადაწყვეტილებისთვის.

„დღევანდელი დღე პოლიტიკური თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა გავუსვა ასევე იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობას ხაზი, რომელიც იქნა მიღებული საპარლამენტო მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ოპოზიციამ შეიტანა განაცხადი ჯერ კიდევ ნოემბერში მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მათ ჰქონდათ გარკვეული დრო, ჩვენ არ ავჩქარდით, დეკემბერშიც შეიძლებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა დამატებით, დაახლოებით ორი თვე მივეცით რადიკალურ ოპოზიციას იმისათვის, რომ გადაეხედათ საკუთარი გადაწყვეტილებისთვის. უფრო სწორად, ეს დრო მივეცით, არა რადიკალურ ოპოზიციას, არამედ მათ პატრონებს, ე.წ. Deep State-ს, იგივე „გლობალურ ომის პარტიას“, თუმცა მათ არ შეცვალეს საკუთარი დამოკიდებულება და კვლავაც ძალაში დარჩა მათი გადაწყვეტილება პარლამენტში ოპოზიციის არშეყვანის თაობაზე. ასეთ პირობებში,  რა თქმა უნდა, მმართველ გუნდს, პარლამენტს  არ ჰქონდა არავითარი სხვა ალტერნატივა. არ შეიძლება ქვეყანაში დაკანონდეს საბოტაჟი, რაც ჩვენ ვიხილეთ 4 წლის წინ და რასაც ვხედავდით ასევე ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ პარლამენტმა მიიღო უალტერნატივო გადაწყვეტილება მანდატის შეწყვეტის თაობაზე“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკმაოდ ახლოს არიან იმ პირობასთან, რასაც ჰქვია „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დასრულება ამ ქვეყანაში.

„ეს არის ალბათ ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგი და ამ ყველაფრის გაგრძელება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და სურვილი იყო „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დასრულება და ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ იგულისხმება არა მხოლოდ შესაბამისი პარტიები, არამედ შესაბამის „ენჯეოებიც“. ვფიქრობ, ყველაფერი ვითარდება სწორი მიმართულებით. საკმაოდ ახლოს ვართ იმ პირობასთან, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობის“ დასრულება ამ ქვეყანაში. ვხედავთ, რომ მათი მდგომარეობა დღეს არის ძალიან მძიმე, მთავარია, პროცესები გაგრძელდეს ისე, როგორც ახლა გრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში