23 სართულიან კორპუსში სავარაუდოდ ლიფტის ბაგირი გაწყდა

15 თებერვალი 2019, 00:00 20273 ნახვა

ბათუმში, ამ წუთებში,  კობალაძის ქუჩაზე, 23 სართულიან კორპუსში მაშველები მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, ლიფტის ბაგირი გაწყდა, შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან ლიფტში მგზავრები არ იმყოფებოდნენ   თვითმხილველების ინფორმაციით, ლიფტი არ ჩამოვარდნილა, დამცავმა მექანიზმა  23-ე სართულზე ავარიულად აიყვანა. 

კორპუსის მაცხოვრებლები ყვებიან, რომ ხმაური ლიფტის ერთ-ერთი დეტალის ვარდნამ გამოიწვია და სამაშველო სამსახურში დარეკეს. 

''ლიფტი ზემოთ არის, ქვემოთ რაღაც არის ჩამოვარდნილი. სამგზავრო ლიფტი იყო. სასწრაფო გამოვიძახეთ გვეგონა, რომ ლიფტში ბავშვი იყო, მაგრამ საბედნიეროდ ასე არ აღმოჩნდა'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ნოდარ ზოიძემ, რომელიც აღნიშნულ კორპუსში ცხოვრობს.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. კობალაძის ქუჩაზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

მრავალსართულიან კორპუსში ათობით ოჯახი ცხოვრობს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, ბათუმის მერიას ჩაბარებული აქვს თუ არა სახლი. მაუწყებელი ინფორმაციას აზუსტებს. 

ბათუმში ლიფტების უსაფრთხოებას ცალკე სტრუქტურა არ ამოწმებს. ამხანაგობას ევალება ჰყავდეს კონტრაქტორი  კომპანია, რომელიც უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.  ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, კი პროცესში აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება ერთვება. 

ბათუმში, გასულ წელს ლიფტის ჩავარდნის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი