სამი კერძო კომპანია ხელვაჩაურის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში დავობს. ისინი დღეს ჩვენს რეპორტაჟებს გამოეხმაურნენ. ერთ-ერთი საქმე ეხება საბავშვო ბაღის მშენებლობას ახალშენში. ცნობისთვის, ამაზე საუბარი აუდიტის დასკვნაშიც იყო. კომპანია ირწმუნება, რომ არ არსებობდა გეოლოგიური დასკვნა, მეწყერმა პროცესი შეაფერხა, ამან კი ვადების დარღვევა გამოიწვია. შპს „ლადა“ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვს და ვიცე-მერს ადანაშაულებს.
ზვიად ხალვაშს ადანაშაულებს კომპანია „ჩვენი ხედიც.“ ამბობენ, რომ კომპანიამ ახალშენში სტადიონისთვის სამუშაოების ნაწილი შეასრულა, თუმცა აქაც ვადების დარღვევის გამო მას თანხა არ გადაუხადეს, ტენდერი კი განმეორებით თითქმის იმავე თანხაზე გამოაცხადეს, რაც კომპანიის ადვოკატის შეფასებით კორუფციული გარიგების ეჭვს ბადებს. ცნობისთვის, დავობს ის კომპანიაც რომელმაც მეორედ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. პრეტენზიებზე პასუხების გაცემა რა თქმა უნდა ვთხოვეთ ზვიად ხალვაშს, იგი ბრალდებების ავტორებს საგამოძიებო უწყებებთან ამისამართებს, ტენდერებთან დაკავშირებით კი განმარტებებს აკეთებს.