"ბათუმის წყალში" აცხადებენ, რომ კომპანიის თანამშრომლები, ავარიულ მილზე მიმდინარე სამუშაოებისას, თხრილში გრუნტის მასის ჩამოშლის დროს დაშავდნენ.
კომპანიის დირექტორის მოადგილე ირწმუნება, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო და მუშები სამუშაოს სპეციალიზირებული ტანსაცმლით ასრულებდნენ.
''სპეციალური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ეცვათ, სამუშაოებზე ისე არ გადიან. ეკეთათ ჩაფხუტიც. წყალმომარაგებ ისეთი საკითხია, როდესაც ჩვენი თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. ნებართვაც ასე გვაქვს გაცემული. ჯგუფები მორიგეობენ. დაცულია ყველას უფლება და მათი უსაფრთხოებაც. ამ შემთხვევის დროსაც უსაფრთხოების ნორმებიც მაქსიმალურად იყო დაცული. თხრილის ზომა საკმაოდ დიდი იყო. მსუბუქი დაზიანებები იმიტომ მიიღეს, რომ სპეციალიზირებული ტანსაცმლით იყვნენ''- უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს რამაზ ასამბაძემ.
დაშავებული მუშები სამედიცინო დაწესებულებებიდან უკვე გაწერეს.
შემთხვევა გუშინ მოხდა. ტექნიკური სამსახურის ბრიგადა მეჯინისწყლის ტერიტორიაზე, ძველი წყალმომარაგების სისტემაზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. დაშავდა სამი მუშა.
ხელვაჩაურის ნაწილს წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება. კომპანიის ინფორმაციით, ჯგუფები მეჯინისწყლის ტერიტორიაზე ავარიულად დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.