უკავშირდება თუ არა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბათუმში ჩამოსვლა სოცმუშაკების პროტესტს

08 თებერვალი 2019, 00:00 1789 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუმში იმყოფება და სოცმუშაკებს ხვდება.  თამარ ბარკალაია ამბობს, რომ რეგიონში მისი ჩამოსვლა სოციალური მუშაკების პროტესტს არ უკავშირდება. მისი თქმით, უწყების ხელმძღვანელ პირებსა და დასაქმებულებს შორის კომუნიკაციის პრობლემაა. 

''პრობლემას ვხედავ კომუნიკაციაში. რეგიონებსა და ცენტრს შორის კომუნიკაცია არ არის საჭირო დონეზე.  სოციალურ მუშაკებს მთელი ქვეყნის მაშტაბით იდენტური პრობლემები აქვთ. აჭარაში რაიმე განსხვავებული არ გამოკვეთილა. 50 სოციალური მუშაკის პოზიციაზე უკვე გამოცხადებულია კონკურსი. რაც შეეხება ხელფასს, ეს  სხვა იგივე პოზიციაზე მყოფი ადამიანების ხელფასზე დაბალი არ არის. ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ შესაბამისობაში მოვიდეს სამუშაო და ანაზღაურება. ჩემი ბათუმში ჩამოსვლა სოციალური მუშაკების პროტესტს არ უკავშირდება'' - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან თამარ ბარკალაიამ

როგორც ცნობილი გახდა, 50 ახალი სოცმუშაკიდან აჭარაში მხოლოდ ორი იმუშავებს. ამ ეტაპზე კი რეგიონში 19 აგენტია დასაქმებული. აქედან ბათუმში 12, ქობულეთში ორი, ხელვაჩაურში ასევე ორი, ხოლო ქედაში, შუახევსა და ხულოში კი თითო-თითო სოცმუშაკი მუშაობს.  

აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ორი ახალი კადრის დამატებით პრობლემა ვერ მოგვარდება.

''ცენტრსა და რეგიონებს შორის კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არ არის. რაც შეეხება შეხვედრას, აქ რაიონებიდან იმყოფებოდნენ სოციალური მუშაკები, ვისაც მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა სურდა. პრობლემა არის ის, რომ სოციალური მუშაკების სიმცირე და პროფესიონალიზმის ნაკლებობაა. მათ უწევთ იმაზე მეტი საქმის გაკეთება, ვიდრე ამ რაოდენობის სოციალურ აგენტს შეუძლია" - განაცხადა თემურ ქარცივაძემ.

200-მდე სოციალური მუშაკი, დღეს, 8 თებერვალს, წინასაგაფიცვო პროცესს იწყებს - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია EMC განცხადებას ავრცელებს.

სოციალური მუშაკები სახელმწიფოსგან პროგრამების დაუყოვნებლივ რეფორმირებას მოითხოვენ. ამბობენ, რომ სისტემაში იმდენად ცოტა ადამიანი მუშაობს, რომ  ვერ ახერხებენ არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდენენ. მათ ინდივიდუალურად არ ემსახურებათ ავტომობილი, მიუხედავად იმისა, რომ  ერთ სოცმუშაკს ათობით ბენეფიციარი ჰყავს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი