აუდიტის სამსახურის დასკვნით ხარვეზები გამოვლინდა ქობულეთის მერიის მიერ ქონების იჯარის გაცემისას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საჯარო აუქციონის დროს ქონების გადაცემისას არ გამართულა ვაჭრობა. ჯამში 2017 წელს მერიამ იჯარით გაცემის 242 ხელშეკრულება გააფორმა, 195 შემთხვევაში კი პირადი განკარგვის წესით ისარგებლა. დოკუმენტით, პრობლემურია თავად იჯარით გასაცემი ობიექტების ფინანსური შეფასებაც. მაკონტროლებლის ინფორმაციით, უძრავი ქონების ღირებულების შეფასება წინა წლებშია შედგენილი და ზედაპირულია.
დასკვნის მიხედვით, უცვლელია ასევე მოიჯარეები. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, ქობულეთში გარე განათების წერტილების რაოდენობა არ შეეფერება საბუღალტრო ჩანაწერებს. ნათქვამია, რომ შესყიდვა განხორციელდა უკონკურენტოდ ერთი პრეტენდეტის პირობებში. ქობულეთის მერი აუდიტის დასკვნას მხოლოდ ნაწილობრივ ეთანხმება. მერიამ საპასუხო წერილი უკვე გადაგზავნა მაკონტროლებელ უწყებაში. ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე აცხადებს, რომ აუქციონი შესაბამისი წესით ხორციელდება, გარეგანთების საკითხზე კი სამუშაო ჯგუფი მუშაობს.