ფედერაციებმა მიღება-ჩაბარებაზე ხელი მოაწერეს, სპორტული ინვენტარი კი არ მიუღიათ - ენმ

05 თებერვალი 2019, 00:00 2234 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები აცხადებენ რომ  აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები აიძულეს მიღება-ჩაბარების ყალბ აქტებზე ხელი მოეწერათ. ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ მათ სპორტული ინვენტარი ჯერ არ მიუღიათ, დოკუმენტზე კი ხელმოწერა ფიქსირდება.

ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა თქვეს, რომ ინფორმაცია გადაამოწმეს, სხვადასხვა ფედერაციაში პროდუქციის მიღების ფაქტს არ ადასტურებენ. 

''ისინი საუბრობენ თითქოსდა რომელიღაც საწყობში ინახება, კომპანიის მიერ მოწოდებული ინვენტარი, თუმცა კონკრეტულად სად, ადგილს ვერ მიგვითითებენ'' - თქვა ბრიფინგზე ხათუნა ბერიძემ.

​'''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წარმომადგენლებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ:

''გასაჯაროვდეს მიღება ჩაბარების აქტების მიხედვით, სპორტულ ფედერაციებზე გადაცემული ინვენტარი''. 

''სამინისტრომ და კომპანიამ გაასაჯაროვოს საბაჟო დეკლარაცია, სპორტული ინვენტარის შემოტანის თაობაზე''

''დაუყოვნებლივ იქნას შესწავლილი აღნიშნული საკითხი საგამოძიებო უწყებების მიერ, რადგან იკვეთება სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა, დოკუმენტაციის გაყალბება, კომპანიასა და აჭარის განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნებს შორის გარიგება.''

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტში ბრალდებას უარყოფენ და ცილისწამებლურს უწოდებენ. მათი ინფორმაციით ინვენტარის ნაწილი დასაწყობებულია, ნაწილს კი ელოდებიან.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სპორტული ინვენტარი სრულად დეკემბრის ბოლოს უნდა ჩამოეტანა. დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა ჩავლეშვილი ამბობს, რომ ვადა გაუხანგრძლივდა. კომპანია ყველა დაგვიანებულ დღეზე 100 ლარს იხდის, ვადა კი 14 თებერვლამდე აქვს. 

''ინვენტარი თამარის დასახლებაში საჩოგბურთო კორტებზე აწყვია. რა სისულელეა, მორიგი ცილისწამებაა და სიბინძურეა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. რა თქმა უნდა დასაწყობებული გვაქვს ყველა ის ინვენტარი რის მიღება-ჩაბარების დოკუმენტზე ხელი მოწერილია. ალბათ პროგრამა ვერ გაიგეს.ჩვენ ამ სასპორტო ინვენტარს ფედერაციებს არ გადავცემთ, იმიტომ რომ მათ არ ჰყავთ ბუღალტრები, არ აქვთ ოფისები, პროდუქციას ვაძლევთ სასპორტო სკოლებს და შემდეგ სასპორტო სკოლები დროებით სარგებლობაში გადასცემს ფედერაციებს. 14 თებერვლამდე აქვს მომწოდებელს ვადა. ორი სახეობა გვაქვს დარჩენილი, რომელიც არ გვაქვს ადგილზე და 14 თებერვლიდან დავიწყებთ დარიგებას'' - ამბობს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტმა  692 230 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარის შესაძენად ხელშეკრულება შპს პიკოლოსთან გააფორმა, რომელიც ტენდერში გამარჯვებულია. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში