საქართველოს პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ, რამდენიმე წუთის წინ, განცხადება გააკეთა. დეპუტატი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ბესელიას განმარტებით, არ არსებობს არანაირი ძალა, რომელიც შეაშინებს, გააჩერებს და პოზიციას შეაცვლევინებს.
''ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის მოულოდნელი იყო, არ ვფიქრობდი, რომ ვიღაც ამას არ იკადრებდა. ველოდი და ამისთვის მზად ვიყავი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მათთვის ვინც დგას ამ ყველაფრის უკან და მათთვისაც ვინც ფიქრობს სხვა უკანონო და აკრძალული მეთოდების გამოყენებაზე - არ არსებობს არანაირი ძალა, რომელიც შემაშინებს, გამაჩერებს, შემაცვლევინებს პოზიციას. არ არსებობს ვიდრე ცოცხალი ვარ'' - ამბობს დეპუტატი.
ეკა ბესელიამ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მსგავს მდაბიო მეთოდებს მიმართავენ ადამიანები, რომლებიც ჭაობზე დაბლა არიან.
''მინდა ვუთხრა იმათ ვინც დგას ამ ყველაფრის უკან, თქვენ მე კარგად არ მიცნობთ. ასეთ მდაბიო, საცოდავ მეთოდებს მიმართავენ ადამიანები, რომლებიც არიან უფრო დაბლა ვიდრე ჭაობი. ყველაფერი, რაც ხდება შინაგანად უფრო მამყარებს, უფრო მაძლიერებს. ეს უბედურება ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს და მე ამაში ძალიან დიდ წვლილს შევიტან. უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ასეთი მორალური ტერორისგან. არ ეხება მხოლოდ ქალს, ეს ნებისმიერი ადამიანისთვის დიდი გამოცდაა. ჩემთვის პირადად ეს არის ახალი შინაგანი მდგომარეობა, რომელიც მე მხდის შეუვალს'' - ამბობს ეკა ბესელია.
დეპუტატმა პირვლი განცხადება, 28 იანვარს სოციალურ ქსელში დაწერა. სადაც ამბობდა, რომ ახალი შეტევის ტალღა დაიწყო, სადაც 2012 წლამდე გაკეთებული ფარული ჩანაწერი ფიგურირებდა.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, "სისტემური შეტევები" მის წინააღმდეგ თანამდებობის დატოვებისა და უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეების სიის წინააღმდეგ გამოსვლების შემდეგ დაიწყო.
რამდენიმე დღის წინ, დეპუტატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სოციალური ქსელების მეშვეობით ადამიანებს უგზავნიდნენ ერთ-ერთი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს.