ბათუმის პიაცას ღია ვერანდაზე ორ სართულს აშენებენ

28 იანვარი 2019, 00:00 5293 ნახვა

ბათუმის პიაცაზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულ ტურისტულ ობიექტად ითვლება, ერთ-ერთი ნაწილი ვიზუალურად იცვლება.  

კონკრეტულად კი, პიაცას ადმინისტრაციამ ღია ვერანდაზე ორი სართულის დაშენება და ფართის მომატება გადაწყვიტა, სადაც სასტუმრო ნომრები განთავსდება. 

ღია ვერანდაზე დაშენების შემდეგ - ფოტო ანა ახალაძე 

პროექტის მიხედვით ღია ვერანდა დაილუქა, ამასთანავე გაქრა ხის დეკორატიული აივანი, რომელიც ვერანდის ზემოთ იყო განთავსებული, მოანგრიეს მრგვალი კიბე, რომელიც ვერანდაზე ადიოდა. 

პიაცას ვერანდა და აივანი დაშენებამდე ასე გამოიყურებოდა  

პროექტის მიხედვით,  ვერანდაზე დაშენდება ერთი სართული, რომელსაც მანსარდის ტიპის გადახურვა ექნება, მრგვალი მორშლილი კიბის ნაცვლად კი, შენობის გარედან დაისხმება ახალი კიბე.  

ფოტო ანა ახალაძე

პიაცას მენეჯმენტის ხელმძღვანელი ვაჟა დიასამიძე აცხადებს, რომ ტერასაზე დაშენებულ ორ სართულზე 20 სასტუმროს ნომერი განთავსდება. 

"კაფე ღია ვერანდაზე მანამდე მუშაობდა,  ვიდრე ქვემოთ გაიხსნებოდა რესტორნები. ვერანდიდან გასული მუსიკის ხმა აწუხებდათ მეზობლებს, ამასთანავე საფრთხე ექმნებოდა ღია ვერანდის ქვემოთ, რესტორან "მიმინოს" ჭერზე გაკეთებულ ფაიფურის ორნამენტებს. 

მოგეხსენებათ ბათუმი ნესტიანი ქალაქია და ამ ძვირადღირებული ორნამენტების დაზიანება მარტივად შეიძლებოდა. ამიტომ, პიაცას არქიტექტორთან ერთად გავაკეთეთ ახალი პროექტი, რომელიც შენობის არქიტექტურულ სტილს არ არღვევს და ყველა სტანდარტის მიხედვით ხდება რეკონსტრუქციაა. ვიმეორებთ ზუსტად იმ ხაზს, რომელიც არის მოედნის სხვა ნაწილში" - გვითხრა ვაჟა ბოლქვაძემ.  

ფოტო ანა ახალაძე

ბათუმის მერიამ დაშენებაზე ნებართვა 2018 წლის 13 დეკემბერს გასცა. მერიის არქიტექტურის სამსახური უფროსი მირიან მეტრეველი ამბობს, რომ სასტუმროს რეკონსტრუქციაზე ზონალური საბჭოს თანხმობა აქვს, ამასთან კომპანიის პროექტს თან ახლავ, პიაცას არქიტექტორის ვაჟა ორბელაძის განმარტებითი ბარათიც. 

ფოტო ანა ახალაძე

კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა მერიამ ნებართვის გაცემა 9 წლის წინ გაკეთებულ პროექტზე?  მირიან მეტრეველი ამბობს, რომ ცვლილებები მისაღებია, რადგან მოქალაქის ინტერესი არ უკარგავდა შენობას არქიტექტურულ ღირებულებას. 

„ამ შემთხვევაში რეკონსტრუქცია მისაღები იყო, რადგან არ ირღვეოდა შენობის სტილი  და არქიტექტურულ ღირებულებას დაშენებით არ კარგავდა პიაცა. თავიდან ჩვენ ხარვეზი დავუდგინეთ პროექტს, რადგან არ ახლდა არქიტექტორის არგუმენტაცია, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ წარმოადგინა იგი. რატომ უნდა გვეთქვა უარი, როცა არ ზარალდება არქიტექტურულად არაფერი და დამკვეთს აქვს სურვილი, შენობის არქიტეტორთან ერთად მოახდინოს შენობის რეკონსტრუქცია?" - გვითხრა მირიან მეტრეველმა. 

ფოტო ანა ახალაძე

 

ბათუმის პიაცა 9 წლის წინ, 2010 წელს აიგო, არქიტექტურა ვაჟა ორბელაძეს ეკუთვნის.  9 წლის წინ, არქიტექტორის გადაწყვეტილებით, რამდენიმე მილიონიანი პროექტში პიაცას ერთი მხარე ღია ვერანდით უნდა ყოფილიყო, თუმცა 9 წლის შემდეგ არქიტექტორს პროექტის შეცვლა სამ ვარსკვლავიან სასტუმროს - "პიაცა ინს" 20 ნომრის დამატებისთვის სთხოვეს. 

არქიტექტორმა პროექტის გადაკეთებაზე თანხმობა გასცა, რომელიც მისაღები აღმოჩნდა ბათუმის მერი​ისთვისაც. 

ფოტო ანა ახალაძე

 

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი