დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული, მხოლოდ ერთი ბავშვი რჩება იაშვილის კლინიკაში, 5 არასრულწლოვანი კი სამედიცინო დაწესებულებიდან დღეს დილით გაწერეს.
4 წლისა და 6 თვის გოგონა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ექიმ ვანო ჩხეიძის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა ქირურგიული ჩარევის შემდეგ სტაბილურია.
''ხუთი ბავშვი გაიწერა დღეს დილით, მათ ჯანმრთელობა საფრთხე არ ემუქრება. იყო ტრავმული შოკი და შესაბამისად მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოლოგისა და ნევროლოგის ჩარევა დაგვჭირდა. ორ მათგანთს მტევნის მცირე დაზიანებაც ჰქონდათ. რაც მთავარია არცერთის მდგომარეობა არ იყო შეფასებული როგორც მძიმე. რაც შეეხება მეექვსე პაციენტს, რომელიც კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იყო მოთავსებული, გუშინ ჩატარდა დეტალური გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, გაუკეთდა გადაუდებელი ნეიროქირურგიული, ოპერაცია აუცილებელი იყო ასევე სისხლის დანაკარგის შევსება. ოპერაციამ კარგად ჩაიარა. დღეს დილით ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა რჩება მაინც მძიმედ და გააგრძელებს მკურნალობას რეანიმაციაში'' - ამბობს იაშვილის კლინიკის ექიმი.
დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.