სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამსახურის უფროსი არკადი ფიფია მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. სავარაუდოდ გამოძიება 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობს.
საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების“ ორი დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ისინი არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და ყალბი დოკუმენტაციის შესაძლო დამზადებაზე საუბრობენ. მათი განცხადებით, წყაროს ინფორმაციით, „არასანდო” პირებად მიჩნეულნი იყვნენ: სააგენტოს წალენჯიხის ტერიტორიული სამსახურის და გარდაბნის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელები.