ვინ რა არგუმენტით მოხვდა ესტონეთის მიერ სანქცირებულთა სიაში? - "ქართული ოცნება" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს.
ვინაიდან ორგანიზაციამ საკუთარ ვებ-გვერდზე სანქცირების შესახებ დეტალური აღწერა გამოაქვეყნა, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სია სწორედ ორგანიზაციის კოორდინაციით შეიქმნა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სანქცირდებიან კონკრეტული პირები, რომლებმაც მათი შეფასებით, დანაშაულები ჩაიდინეს და ამ მიმართულებით მუშაობაში პრობლემას ვერ ხედავენ.
ბალტიის ქვეყნების გადაწყვეტილება სამი დღის წინ გახდა ცნობილი. ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, მათ შორის დეპუტატებს, სასამართლო ხელისუფლების და, ასევე "ალტ-ინფოს" წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.