საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს სხდომას გამართავს, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ 9 საკითხზე იმსჯელებენ.
ცესკო საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგებს შეაჯამებს. ასევე სხდომაზე წარდგენილია განკარგულება, არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ.
იგეგმება სხვადასხვა ტექნიკური საკითხის განხილვაც, მათ შორის არჩევნების მეორე ტურის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის დამტკიცება.
კომისიის წევრები მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრაზეც იმსჯელებენ.
სხდომა დღეს, 14 ნოემბერს 13 საათზეა ჩანიშნული.
კანონმდებლობით არჩევნების მეორე ტური შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ორი კვირის თავზე ინიშნება, შესაბამისად, ის 28 ნოემბერს გაიმართება.
28 ნოემბერი ოთხშაბათია და არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, უქმე დღედ გამოცხადდება.