დღეს, 16 ოქტომბერს, დოლარის შეძენა სავალუტო ჯიხურებში 2.68 ლარად შეგიძლიათ. ზუსტად ორი წლის წინ კი, დოლარი 28 თეთრით ნაკლები ღირდა და მაშინ, ეს მაჩვენებელი, ლარის გაუფასურების ანტირეკორდულ ნიშნულად ითვლებოდა.
(ფოტო: ლაშა ჩხარტიშვილი. გადაღებულია ორი წლის წინ).
თუმცა, ანტირეკორდი ბევრჯერ დაფიქსირდა. სავალუტო ჯიხურებისგან განსხვავებით, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ყიდვა 2 ლარად და 66.664 თეთრადაა შესაძლებელი.
იმ შემთხვევაში თუ დოლარის გაყიდვას გეგმავთ, მხოლოდ 2 ლარსა და 65 თეთრს გადაგიხდიან. ორი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, დოლარის გაყიდვა 2 ლარად და 38 თეთრად შეგეძლოთ.
კურსი ამ პერიოდის განმავლობაში ბევრჯერ შეიცვალა, თუმცა 2 ლარიან ნიშნულზე ქვემოთ არ ჩამოსულა.
გაძვირდა საწვავიც. დღეს ერთი ლიტრი ევრო რეგულარის შეძენა დაახლოებით 2 ლარი და 52 თეთრი დაგიჯდებათ, ორი წლის წინ კი 1 და 80 თეთრი ღირდა. კიდევ უფრო მაღალია სხვა კატეგორიის საწვავი.