დაასახელებს თუ არა საბოლოოდ საკუთარ კანდიდატს „ქართული ოცნება?“ აქამდე მყარად გაცხადებული პოზიცია, რომ მმართველი გუნდი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერდა, შესაძლოა შეიცვალოს - ამის საფუძველს კი მამუკა ბახტაძის განცხადება იძლევა. ვციტირებ - „გუნდში მიმდინარეობს დისკუსია, "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვას არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე, თუ დაასახელოს კანდიდატი“ - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ორივე პოზიციას აქვს საკუთარი არგუმენტები. ამასთან, იგი ირწმუნება, რომ გუნდში ბევრი ღირსეული კანდიდატი ჰყავთ, რომელიც უპრობლემოდ დააფიქსირებს ღირსეულ შედეგს. როგორც იცით, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო შეკრების შემდეგ განაცხადა, რომ არჩევნებში არ მიიღებდა მონაწილეობას. ამის მიზეზად კი დემოკრატიული პროცესი სახელდებოდა.