„გახარია საქართველოსთვის“ ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

27 იანვარი 2025, 12:08 172 ნახვა

პროკურატურამ, „შერატონ ბათუმის“ ხელშეწყობით, მძევლად აიყვანა კამერების ჩანაწერები. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩანაწერები პროკურატურას სრულად აქვს დაცული და მოხდება მათი სრული მოცულობით გაცნობა და გადმოცემა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გიორგი გახარიას წარმომადგენელი საქმის მასალებს დღეს გაეცნობა.

„როგორც იცით, გიორგი გახარიაზე თავდასხმის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები პოლიციის უმოქმედობით და „შერატონ ბათუმის“ აქტიური მონაწილეობით განადგურებულია. პროკურატურამ, „შერატონ ბათუმის“ ხელშეწყობით, მძევლად აიყვანა კამერების ჩანაწერები.

დღეს გიორგი გახარიას წარმომადგენელი გაეცნობა საქმის მასალებს. იმედს ვიტოვებთ, რომ უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება – კამერების ჩანაწერები პროკურატურას სრულად აქვს დაცული და მოხდება ჩანაწერების სრული მოცულობით გაცნობა და გადმოცემა!“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია 22 იანვარს თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

15 იანვარს ბათუმში, „შერატონ ბათუმში“ მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით 15 იანვარს დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში