დაზიანებული ფილები საოცრებათა მოედანზე

21 აგვისტო 2018, 00:00 2102 ნახვა

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ფილები დაზიანებულია. ეს ზაფხულის სეზონზე, ზღვისპირა ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მონაკვეთია.

საოცრებათა მოედანზე დღის განმავლობაში ასობით ადამიანი გადაადგილდება, რომლებსაც დისკომფორფი ექმნებათ. საფრთხე ექმნებათ პატარებსაც, რომლებიც მშობლებს სასეირნოდ გაჰყავთ.  

ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ფილები ხშირად ზიანდება. პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში კი ტერიტორიას მალევე აწესრიგებენ.

''კაპიტალური რემონტი, საოცრებათა პარკის გაკეთების შემდეგ არ ჩატარებულა. ხდება მხოლოდ დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება, რომელსაც საკუთარი ძალებით ვახორციელებთ. სამუშაოებს ბულვარის ადმინისტრაციის ხელშეკრულებით აყვანილი სპეციალისტები ახორციელებენ. მსგავსი ტიპის სამუშოებისთვის წლის განმავლობაში დაახლოებით 25 ათასი ლარი იხარჯება'' - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ბულვარის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა. 

გოჩა მჟავანაძე ამბობს, რომ ფილებს ხშირად აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი ტრანსპორტი აზიანებს. მისივე განმარტებით, ფილების ექსპლოატაციის ვადა ამოიწურა, რის გამოც ის ხშირად ტყდება. 

რაც შეეხება საოცრებათა პარკის კაპიტალურ რეაბილიტაციას, სავარაუდოდ, 4 მილიონი ლარი დაჯდება, თუმცა მანამდე ბაზრის კვლევაა ჩასატარებელი. 

აღნიშნულ ტერიტორიას სამი მესაკუთრე ჰყავს. ბულვარი, ბათუმის მერია და ის მოიჯარე კომპანია, რომელიც ანბანის კოშკის მენეჯმენტს ახორციელებს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში