სასტუმრო ''ველმონდში'' დასაქმებულები შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს და ხელფასს - თორნიკე რიჟვაძე

17 აგვისტო 2018, 00:00 2078 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლება შესაბამის უწყებებთან ერთად მოლაპარაკების პროცესში ჩართული იყო, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა. სასტუმრო ''ველმონდში'' დასაქმებულები შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს და ხელფასს. 

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სასტუმროებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დაცული უნდა იყოს, ეს არის მთავარი მოთხოვნა.

​''რაც შეეძლება ხარვეზებს და ნაკლოვანებებს, რომელიც უსაფრთხოების კუთხით ჰქონდა კომპანიას, უახლოეს პერიოდში გამოსწორდება, შემდეგ დავსხდებით და ვისაუბრებთ, როგორ შეიძლება გააგრძელოს აღნიშნულმა ბიზნეს ოპერატორის საქმიანობა'' - ამბობს მთავრობის თავმჯდომარე. 

ტურისტები სხვადასხვა სასტუმროში გადაიყვანეს, პროცესებში ჩართული იყო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიც. 

თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, ამ კუთხით პრობლემები არ ყოფილა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, სასტუმრო ''ველმონდი'', (ყოფილი ლეოგრანდი) დღეს 18 საათზე დაიხურება. 

'საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმრო და სამორინე ''ველმონდში'' სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა. სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგოდაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციის შესაძლებლობას. გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი, სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა'' - ნათქვამი იყო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ გასულ წელს ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი