ბონი - გარადოკის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ პრობლემებს გაეცნო ბათუმის მერი. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ე.წ შაინხაის დასახლებაში ავარიული - ბარაკული სახლები და მაიაკოვსკის ქუჩის მიმდებარედ არსებული გარე-ვაჭრობა დასახელდა. მოსახლეობა სანიაღვრე არხების მოწესრიგებასაც ითხოვს.
მაიაკოვსკის ქუჩის 7 ნომერში მცხოვრები მარინა მექვაბიშვილის თქმით, უხვი ნალექის დროს ქუჩა იტბორება, რის გამოც გადაადგილება რთულდება. ლაშა კომახიძემ მოსახლეობის მიერ დასახელებული პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელა.