23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა.
1921 წელს, 104 წლის წინ, კოჯორსა და ტაბახმელაში რუსეთის მე-11 არმიასთან უთანასწორო შეტაკებებისას, ქართველი იუნკერების თავგანწირვა საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად იქცა.
1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის შემოჭრით ქვეყანაში დაიწყო ხანმოკლე ომისა და ხანგრძლივი საოკუპაციო რეჟიმის პერიოდი.
საბჭოთა რუსეთის მიზანს საქართველოს დემოკრატიული მთავრობის დამხობა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ოკუპაციური, ბოლშევიკური რეჟიმის გავრცელება წარმოადგენდა. საბჭოთა რუსეთის მთავრობის მზაკვრული გეგმის თანახმად წითელი არმია საქართველოში უნდა შემოსულიყო არა როგორც დამპყრობელი, არამედ, როგორც მუშების და გლეხების მხარდამჭერი ძალა, იმ მუშების და გლეხების დაცავად, რომლებიც თითქოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას აუმხედრდა.
1921 წლის 11 თებერვალს, მოსკოვის ინსტრუქციების თანახმად, წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შემოიჭრა.
19-20 თებერვალს, კოჯრისა და ტაბახმელას მისადგომებთან მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა 510-მა იუნკერმა გაუწია. მათი დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაიღუპა, მათ შორის იყო ახალგაზრდა სტუდენტი მარო მაყაშვილი, რომელიც წითელ ჯვარში მოხალისედ ჩაეწერა.
24 თებერვალს, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის დატოვების შესახებ.
25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები უბრძოლველად შევიდნენ, იმავე დღეს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა.