მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად ტყიბულის რაიონულ საავადმყოფოში ხუთი მეშახტე შეიყვანეს. ერთი კი თბილისში გადაიყვანეს.
მედიკოსების განცხადებით, კიდევ ერთი პაციენტი ამ წუთებში დედაქალაქში მიჰყავთ. მას სხეულის დიდი ნაწილი აქვს დამწვარი. მეშახტეებს ასევე სხვადასხვა ტიპის დაზიანებებიც აღენიშნებათ.
კლინიკის წარმომადგენლების განცხადებით, ერთი პაციენტი სახლში უკვე გაწერეს.
მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შესახებ შეტყობინება 112“-ში გამთენიისას შევიდა. ''გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქება მოხდა და კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა'' - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შახტში შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 4 ოსტატი. მათ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით, 2018 წელს სამუშაო ადგილებზე საწარმოო ტრავმების შედეგად გარდაიცვალა 29 და მძიმედ დაშავდა 24 ადამიანი. აქედან შახტებში გარდაცვლილია 11, ხოლო მძიმედ დაშავებულია 10 ადამიანი. კარიერებზე გარდაიცვალა 3, მძიმედ დაშავდა 2 ადამიანი.