"ჩვენ პირველივე დღიდან ვართ ჩართული ხორავას ქუჩის მკვლელობის გამოძიების საქმეში. უახლოეს პერიოდში სახალხო დამცველი სრულად შეისწავლის ყველა მასალას.'' - ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ცოტახნის წინ ბრიფინგზე განაცხადა
სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს ეჭვს, რომ გამოძიებამ დამნაშავე პირები სრულად ვერ გამოავლინა - აცხადებს სახალხო დამცელი
ომბუდსმენი მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ახალი გამოძიება. ასევე გააცნოს ამ დროისთვის არსებული ყველა მიმდინარე მასალა სახალხო დამცველსა და საზოგადოებას.
''გამოძიების საქმის მასალებზე დღეის შემდგომ გვექნება წვდომა, განაჩენის გამოტანის შემდეგ. უახლოეს პერიოდში სახალხო დამცველის აპარატი გამოძიების მასალებს სრულად შეისწავლის. თუმცა, ამ ეტაპისთვის შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ადასტურებს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ წარმოშობილ ეჭვებს, რომ გამოძიებამ სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირები სრულად ვერ გამოავლინა. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებული აღნიშნული მხარე ღიად აპელირებდა გამოძიება სხვა პირების მიერ მკვლელობის ფაქტზე, დღემდე არ დაწყებულა და პროკურატურა გამორიცხავდა მკვლელობაში სხვა პირების მონაწილეობას. სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მკვლელობაში მონაწილე სხვა დამნაშავეების გამოსავლენად. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით გამოძიების დაწყების საფუძველი უკვე არსებობდა, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნით დავით სარალიძეზე მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა არ იყო მიყენებული გამოძიებით მოპოვებული იარაღით.
კითხვები არსებობს დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიების მიმართულებით, თუ რამდენად ამომწურავია პასუხისგებაში მიცემულ პირთა სია, რომლებმაც ხელი შეუწყვეს დანაშაულის დაფარვას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, გააცნოს ამ დროისთვის არსებული ყველა სხვა მიმდინარე გამოძიების მასალები ამ ფაქტთან დაკავშირებით. ასევე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს სხვა პირთა მიერ მკვლელობის გამოძიება და გამოძიების მასალები გააცნოს სახალხო დამცველს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, აუცილებელია სხვა პირთა მონაწილეობაზე გამოძიება დაიწყოს.