2024 წელს საქართველომ მოგზაურობიდან 4.42 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო - ეროვნული ბანკი

20 იანვარი 2025, 11:43 104 ნახვა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველომ ტურიზმიდან 4.42 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.3%-ით მეტია.

მათივე ცნობით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნების წილი 12.9%-ით განისაზღვრა და 571.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

„აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 3.9%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლები – 2024 წელს რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავალი 9.4%-ით, ხოლო უკრაინიდან – 18.9%-ით შემცირდა.

 

2024 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად მაღალი პროცენტული ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან – 41.6%, საუდის არაბეთიდან – 21.2%, აზერბაიჯანიდან – 18.1 %, ირანიდან – 17.9%“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, არსებული სტატისტიკის თანახმად, ფაქტობრივად, გამართლდა მთავრობის პროგნოზი 2024 წელს ტურიზმის სექტორის ზრდასთან და შემოსავლებთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სექტორიდან 4.5 მლრდ აშშ დოლარამდე იქნებოდა შემოსავალი.

რაც შეეხება იმ ქვეყნებს, საიდანაც ტურიზმის შემოსავლების ზრდა მოხდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, მათი გეოგრაფიული არეალი საკმაოდ მრავალფეროვანია.

„მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები ისრაელიდან – დაახლოებით 41%-ით, რაც 128 მლნ დოლარს შეადგენს. შემოსავლები გაიზარდა აზერბაიჯანიდან 18%-ით, ირანიდან, ასევე ევროკავშირიდან 21 მლნ დოლარით, საუდის არაბეთიდან – ეს არის ქვეყნები, საიდანაც გვაქვს ტურიზმის შემოსავლების ზრდა. ამასთან, გარკვეულწილად შემცირდა რუსეთიდან 9.4%-ით, რაც ჯამში 88 მლნ დოლარია, უკრაინიდან 18.9%-ით – ეს არის 148 მლნ დოლარი, თურქეთიდანაც გარკვეული, 3%-იანი შემცირება გვაქვს“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, თანხებთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა – მოცულობამ 5.1 მლნ ვიზიტს მიაღწია. მისი შეფასებით, ეს ძალიან დამაიმედებელი სურათია. ამ შემთხვევაშიც სტატისტიკა სხვადასხვა ქვეყანას მოიცავს.

„პრინციპში, ესეც სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით გადანაწილებულია შემდეგნაირად – ჩვენი მთავარი ტურისტული ბაზრებია თურქეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ინდოეთი, ჩინეთი, საუდის არაბეთი, უზბეკეთი, აშშ, საბერძნეთი, საფრანგეთი, ქუვეითი, ლატვია და არაბეთის გაერთიანებული საამიროები“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი