“თავგადასავალი ბათუმში” - ასე ქვია აჭარის შესახებ მომზადებულ თემატურ სიუჟეტებს, რომელიც ევრონიუსის ეთერში მაისიდან გადის. მტირალას ეროვნული პარკი, კურორტი გოდერძი და ბათუმი, ის ძირითადი ტურისტული ადგილებია, სადაც ევრონიუსის ჟურნალისტმა დენის ლოკტიემ იმოგზაურა და ახლა მილიონობით მაყურებელს მსოფლიოს გარშემო აჭარას, როგორც ახალ ტურისტულ მიმართულებას აცნობს.
აჭარის შესახებ მომზადებული მინი-სერიები ევრონიუსის ეთერში ყოველდღიურად, დღეში სამჯერ გადაიცემა და ის მაისის ბოლომდე გაგრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ევრონიუსის გადამღებმა ჯგუფმა აჭარის გარდა საქართველოს სხვა რეგიონებშიც იმოგზაურა. რეგიონის შესახებ მომზადებული გადაცემების გარდა, ევრონიუსზე აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლი ტრიალებს. ტელეკომპანიის ეთერით აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს 195 ქვეყანაში ეცნობიან.