ბათუმის ბულვარის პლაჟის ნაწილზე საფეხმავლო ბილიკები გაკეთდება. ზღვამდე ჩასასვლელი ხის კონსტრუქციები, კომფორტულად გადაადგილებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და იმ მოქალაქეებს სჭირდებათ, რომლებსაც ზღვაზე პატარები საბავშო ეტლით გადაჰყავთ.
ზღვისპირა პარკში, ხის საფეხმავლო ბილიკის მოსაწყობად ‘’ბათუმის ბულვარმა’’ ელექტრონული ტენდერი, 1 მაისს გამოცხადდა. უწყებას სამუშაოებისთვის 41 ათას 902 ლარი აქვს გათვალისწინებული.
სანაპიროზე ბილიკები სულ 5 ადგილზე განთავსდება. გადაწყვეტილია, რომ ხუთივე გადასასვლელი ძველი ბულვარის ტერიტორიაზე მოეწყობა.
სანაპიროზე ადაპტირებული გადასასვლელების აუცილებლობაზე, წლებია მესამე სექტორი აქტიურად საუბრობს, განსაკუთრებით კი შშმ პირებზე მომუშავე ორგანიზაციები.
სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალხარისხიანი და აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული, მაღალი ხარისხის, საუკეთესო დონეზე დაპროექტებული და დამზადებული.
საფეხმავლო ხიდები სანაპირო გასულ წელსაც გაკეთდა, თუმცა მათი დიდი ნაწილი დაზიანებულია. ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სეზონის დაწყებამდე მათი მოწესრიგებაც იგეგმება.
ტენდერი საფეხმავლო ბილიკების დამზადებაზე 22 მაისს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სანაპიროს მცირე ნაწილის ადაპტირება, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 30 დღეში უნდა დაასრულოს.
სანაპირო ზოლის სხვა მონაკვეთები ადაპტირებული წელს არ იქნება.
ფოტო: თომა კაკაბაძის ფეისბუქ გვერდიდან.