პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრებლები ხელისუფლებას თხოვნით მიმართავენ, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. კერძოდ: უდანაშაულოდ აღიარონ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილი, მის ოჯახს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი და დაისაჯონ სპეც-ოპერაციის მონაწილეები და ხელმძღვანელები.
გიორგი კვირიკაშვილს ხეობაში ჩასვლასა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმით დაინტერესებისკენაც მოუწოდებენ. შეგახსენებთ, 26 დეკემბერს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით რამდენიმე პირის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა, რა დროსაც, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა.