ბათუმელები ბოლო პერიოდში სახანძროს ხშირად იძახებენ ​

19 აპრილი 2018, 00:00 2630 ნახვა

ბოლო რამდენიმე თვეა, მშენებარე სახლის ბოლო სართულზე ამ კვამლის გამოჩენა და სახანძრო სამსახურის გამოძახება ტრადიციად იქცა.

მომიჯნავე კორპუსებიდან ჩანს, რომ მშენებლობაზე ხანძარია.

მსგავსი ვითარების გამო, ცრუ გამოძახებები გახშირდა - გვითხრეს სახანძრო სამსახურში. ასეთ დროს მაშველების ბრიგადა ადგილზე მიდის, იძახებენ საპატრულო ეკიპაჟსაც. მობილიზებულია სასწრაფო სამსახურის მანქანაც, თუმცა ისინი ადგილზე მისვლამდე, სამართალდამცველებისგან შეტყობინებას ელოდებიან.  

ბოლო ასეთი შემთხვევა პარასკევს, დაახლოებით 23 საათზე დაფიქსირდა. ადგილზე მისულ მაშველებს ცეცხლის კერები არ დახვედრიათ.

სავარაუდოდ, ეს მშენებლობის პროცესში წარმოქმნილი კვამლია.  სპეციალური ტექნიკით უკვე დასხმულ სართულზე სამშენებლო მასალას აშრობენ.

მოქალაქეები  თავს იზღვევენ და ყოველი ასეთი ალის შენიშვნის დროს, სახანძრო სამსახურს იძახებენ.

შემთხვევების დიდი ნაწილი ფიროსმანის ქუჩაზე ხდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ბევრი მშენებარე კორპუსია. მრავალსართულიან და მრავალფუნქციურ კომპლექსებს სხვადასხვა კომპანიები აშენებენ. 

რამდენიმე ცრუ გამოძახება ''შერატონთანაც'' დაფიქსირდა. მოქალაქეებმა ჩათვალეს, რომ სასტუმროს თავზე, სავენტილაციო არხებიდან გამოსული გამონაბოლქვი ცეცხლის კვამლი იყო. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში