ხელვაჩაურში, ზედა სამებაში, 7 სულიანი ოჯახი სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობს. ორი წლის წინ, საცხოვრებებელ სახლს ბზარები, ეზოში მიწას კი ნაპრალებ, გაუჩნდა. ავარიულია სახლში შესასვლელი კიბეც.
ადგილი გეოლოგებმაც შეისწავლეს. მათი დასკვნით ტერიტორიაზე ცხოვრება სახიფათოა, 5 თვის წინ დაწერილი დასკვნა ხელვაჩაურის მერიასაც აქვს.
ავარიულ ტერიტორიაზე ცხოვრობს ლია დავითაძე, რომელიც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს, რომ ცხოვრების ეშინიათ, თუცა სახელმწიფო პასუხიმგებლობას მათ გასახლებაზე ან სახლის გამაგრებაზე ამ დრომდე არ იღებს.
'' სატვირთო მანქანა თუ გაივლის, სახლი მოძრაობს, კიბეებზე შიშით ავდივარ, სირბილით, სახლში მცირეწლოვანი ბავშვი გვყავს, გვეშინია ტრაგედია არ დატრიალდეს. სხვა ასასვლელი კი ამ სახლს არ აქვს.
ბოლოს, როცა ხელვაჩაურის მერიაში ვიყავი მითხრეს, რომ დახმარებისთვის სოციალურად დაუცველის ქულები გესაჭიროებათო. მამათილი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა და ამის გამო, როგორც აღმოჩნდა, ოჯახისთვის მინიჭებული ქულები გაგვიქრა. სოციალური დაცვის სააგენტოში მითხრეს ხელახლა შევისწავლით ოჯახსო, განცხადებაც დავწერე, თუმცა მას შემდეგ 27 დღე გავიდა და სოციალური მუშაკები არ მოსულან, '' - ამბობს ლია დავითაძე.
ოჯახის მარდაჭერას უცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. ის ამბობს, რომ ამ ადამიანებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული უსაფრთხო საცხოვრისი და აუცილებელია მათი დაკმაყოფილება. "ოჯახი დღემდე ელოდება შესაბამის რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან, დახეთქილი საკარმიდამო, ეზო და შუაზე გახეთქილი სახლი ესაა რეალობა, სადაც ბავშვები ცხოვრობენ," - ამბობს თამაზ ბაკურიძე.
ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, რომ ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ხელვაჩაურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ ''ბიუჯეტში 2 წლის წინაც ჩაიდო თანხა, თუმცა გამაგრებითი სამუშაოების 10 პროცენტი მოქალაქეს, 90% მუნიციპალიტეტს უნდა დაეფარა. მოქალაქეს ამის ფინანსური რესურსი არ ჰქონდა. ვინაიდან, გეოლოგების დასკვნით, სასწრაფოდ არის სამუშაოები ჩასატარებელი, ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა და სრულ თანხას ფერდის და სახლის გამაგრებით სამუშაოებზე მერია გაიღებს, ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება და სამუშაოები გაზაფხულამდე დასრულდება" - გვითხრეს უწყებაში.