შუახევში, სოფელ ფურტიოში დღეს ახალი სკოლა იხსნება. სასწავლო დაწესებულებაში მოეწყო საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების კაბინეტი, აშენდა სპორტული დარბაზი. პროექტის ფარგლებში სკოლის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყო და ბეტონის მონოლითური საფარი დაიგო.
სოფელ ფურტიოს სკოლას ახალი სასკოლო ინვენტარიც გადაეცა.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შენობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებულია. სასწავლო დაწესებულებაში 129 მოსწავლე და 33 პედაგოგია.
უწყების ინფორმაციით, შუახევში ორი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტში 43 საჯარო სკოლაა, მათ შორის 6 სარეაბილიტაციოა.
სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, აჭარაში 22 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ავარიულ მდგომარეობაშია და მოსწავლეები განათლებას საფრთხის შემცველ გარემოში იღებენ. სკოლების დიდი ნაწილი მაღალმთიან სოფლებში მდებარეობს.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სკოლებში კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება საპირფარეშოების მოწესრიგების, კლას-კაბინეტებისა და სპორტული დარბაზების მოწყობისა და ბუფეტების ფუნქციონირების საკითხი.