საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც არასათანადო პირობებში ცხოვრობენ 150 ათას 186-ია. სწორედ ამდენი არასრულწლოვანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს და მათი ოჯახები სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას იღებენ.
აღსანიშნავია, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ შორის 43 ათას ბავშვი 1-დან 5 წლამდე ასაკის არის, ხოლო 4099 ჩვილია.
ომბუდსმენმა ეს მონაცემები, გუშინ საქართველოს პარლამენტის წევრებს გააცნო.
ანგარიშში წერია, რომ "ბავშვთა ცხოვრების არასათანადო დონე კვლავ უმთავრესი პრობლემაა. 2017 წელს სახელმწიფო ზრუნვაში ჩართული ბავშვების 11% ბიოლოგიური ოჯახიდან სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო პირობების გამო გაიყვანეს".
რა შემთხვევაში აძლევს შემწეობას ოჯახებს სახელმწიფო? ანუ 150 ათასი ბავშვი როგორ პირობებში იზრდება?
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზეა მითითებული, ბიუჯეტიდან არსებობისთვის საჭირო თანხას უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს ეძლევათ. მექანიზმი მკაცრია ოჯახების შერჩევისას:
სააგენტო სოციალურად დაუცველებს რამდენიმე ჯგუფად ყოფს. ყველაზე გაჭირვებული ოჯახები არიან - თუ არ აქვთ სახლი, იხდიან ქირას, თუ ოჯახის არც ერთ წევრს არ აქვს შემოსავალი, ხეხილი, მიწის ნაკვეთი და ა.შ. საუბარია 30 000 სარეიტინგო ქულაზე, რომლის მინიჭების შემთხვევაში, ოჯახის თითოეული წევრი 60 ლარი ერიცხება.
60 000-დან 65 000 ქულამდე - 30 ლარია გათვალისწინებული. დამატებით ბავშვზე 10 ლარიანი დახმარება გაიცემა, რომელიც „UNICEF" რეკომენდაციით ჩაიდო. დანამატი ყველა ოჯახს ენიშნება, რომელთა სარეიტინგო ქულა განისაზღვრება 65 000-დან 100 00 ჩათვლით.
სახალხო დამცველი, 2017 წლის ანგარიშში, ეჭვქვეშ აყენებს სოციალური პროგრამების მუშაობის ეფექტურობასაც. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ პროგრამები ვერ უზრუნველყოფს ოჯახის ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი.
ანგარიშში კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი მოხვდა, რომელიც ეხება სახელმწიფო პროგრამას - „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება“. პროგრამის ბიუჯეტი 1 514 000 ლარია და სასწრაფოდ უნდა გადაჭრას 928 ოჯახის საჭიროება, როგორიცაა მაგალითად ბავშვის ხელოვნური კვება და სხვა.
ანგარიშში ვკითხულობთ: „გადაწყვეტილების მიმღები კომისია 2017 წელს 9-ჯერ შეიკრიბა, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის მიზანია გადაუდებელი საჭიროებების დროული დაკმაყოფილება. ოჯახების პროგრამაში ჩართვის გადაწყვეტილება ხშირად თვეებისა და, რიგ შემთხვევებში, წლების განმავლობაშიც ჭიანურდება".
ანგარიშში ასევე წერია: ''749 საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ არასრულწლოვნების საცხოვრებელი პირობები ხშირად საფრთხის შემცველია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, სახელმწიფოს ნაბიჯები კი დაგვიანებული და უშედეგოა".