სად არ არის დაცული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები?

30 მარტი 2018, 00:00 2014 ნახვა

რომელ ობიექტებში არის დარღვეული სახანძრო უსაფრთხოების წესები - ამის შესახებ მოქალაქეებს უახლოეს მომავალში დეტალური ინფორმაცია ექნებათ. მათ შორის აჭარაში მოქმედ დაწესებულებებზეც.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაასაჯაროებს. მაკონტროლებლები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტებს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს სისტემატურად ამოწმებენ. უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 6 000-მდე შენობა-ნაგებობა შემოწმდა, 200-მდე ობიექტი დაჯარიმდა, ათასობით შენობის მეპატრონეზე შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.

‘’სტატისტიკით დგინდება, რომ ყოველწლიურად იზრდება ხანძრებისა და ხანძრებით გამოწვეული ზიანისა და ზარალის რაოდენობა, შესაბამისად პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველა შენობაში დაცული იყოს სახანძრო უსაფრთხოების წესები. საზოგადოებას უფლება აქვს, მისივე უსაფრთხოებისთვის ინფორმაციას ფლობდეს,’’ - წერია განცხადებაში. ასევე უახლოეს მომავალში შემუშავდება, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. ინიციატორები, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის სანქციების მნიშვნელოვნად გამკაცრებას ითხოვენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ''ჰეშთეგის'' გადამღებმა ჯგუფმა, ბათუმში, რამდენიმე ობიექტი დაათვალიერა. მათ შორის იყო ცენტრალური და ხოფის ბაზარები, ასევე ახალაშენებული მრავალსართულიანი კორპუსები, სადაც სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ელემეტარული ზომებიც კი არ იყო დაცული. 

სახანძრო დაფები არ იყო განთავსებული თვალსაჩინო ადგილას. ცეცხლმაქრი კი, ბოქლომით იყო ჩაკეტილი. 

მაღლივ კორპუსების დიდ ნაწილში სახანძრო კიბე არ არის. მოქალაქეების ნაწილს კი ევაკუაციის გეგმა თვალით არ უნახავს. 

უსაფრთხოების ზომები დარღვეულია ძველ კორპუსებშიც, სადაც მიშენებების გამო დახშულია სადარბაზოები, გაუქმებულია სახანძრო კიბეები, სახურავებზე კი მანსარდებია დაშენებული. 

გასათვალისწინებულია ის ფაქტიც, რომ ბათუმის სახანძრო-სამაშველო სამსახურის კუთვნილი ტექნიკის სახანძრო კიბე, მერვე სართულს ზემოთ ვერ წვდება. 

უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური, სასტუმრო ''ლეოგრანდში'' გაჩენილი ხანძრის შემდეგ გახდა, რომელსაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

რამდენიმე წლის წინ კი, ქობულეთში, სასტუმრო არმაზში გაჩენილი ხანძარის დროს, სამი არასრულწლოვანი დაიღუპა.  

ამავე კატეგორიაში