დღეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 101 წელი გავიდა. კათოლიკოს-პატრიარქმა, სადღესასწაულო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა, მრევლს ქადაგებით ილია მეორის მოსაყდრემ მეუფე შიომ მიმართა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს გააუქმა. ავტოკეფალიის აღდგენამდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა, ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მხოლოდ 1943 წელს აღიარა. ილია მეორის უშუალო მონდომებით კი, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წლის 4 მარტს ცნო.