საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს. ცხინვალში, არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხზე მთავრობის მეთაური განცხადებას ავრცელებს. ‘’მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად’’ - წერია განცხადებაში.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღდგა, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი გრძელდება. ეს კი ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას ძირს უთხრის.