ქურდობა მუნიციპალურ ავტობუსებში – გახშირებულ შემთხვევებზე მოქალაქეები სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ. ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ავტობუსებში ბევრი ადამიანი გაქურდეს.
აჭარის მაუწყებელს ერთ-ერთი დაზარალებული ესაუბრა. ახალგაზრდა გოგოს 17 ნომერ მუნიციპალურ ტრანსპორტში, საფულე მოპარეს.
მგზავრი ყვება, რომ სიტუაციის გასარკვევად ბილეთზე მითითებულ ცხელი ხაზის ნომერზე დარეკა, თუმცა აბონენტი მიუწვდომელი აღმოჩნდა. ქალაქის ნომერზე კი ოპერატორის პასუხს დიდხანს ელოდა. ‘’იმედია მქონდა, დაკარგული ნივთის შესახებ ინფორმაციის გაგებაში და საფულის პოვნაში ვიდეოკონტროლი დამეხმარებოდა. ავტობუსში სტიკერი მიმაგრებული იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ კამერა დამონტაჟებული არ ჰქონიათ’’ - ყვება გოგონა.
‘’ბათუმის ავტოტრანსპორტში’’ განმარტავენ, რომ ბილეთზე მითითებული ნომერი, ერთი წლის წინ გაუქმდა. საქალაქო ნომერს კი ოპერატორები მალევე პასუხობენ.
მარკეტინგის განყოფილების უფროსი ადასტურებს, რომ არცერთ ტრანსპორტში ვიდეოთვალთვალი არ ხორციელდება. მისი თქმით, კამერების დამონტაჟების მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ძველ ავტობუსებში მისი განთავსება ტექნიკურად შეუძლებელი აღმოჩნდა.
ბათუმში, მუნიციპალურ ავტობუსში ქურდობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ქურდობის ფაქტი გუშინ, ე.წ. ოცნების ქალაქშიც დაფიქსირდა. ადგილობრივების თქმით, მოპარულია მიკროავტობუსის აკუმულატორი.
რამდენიმე დღის წინ კი, „მაგნოლიას“ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში 10 ბინა გაქურდეს. აქ მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ ეს ქურდობის პირველი შემთხვევა არ არის. მათივე განმარტებით, კორპუსში ბინების უმეტესობა ჩაკეტილია და მეპატრონეები სეზონურად ჩამოდიან. სახლებიდან, სავარაუდოდ, ტექნიკა წაიღეს.
თებერვლის დასაწყისში, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ქობულეთსა და ბათუმში გახშირებულ ქურდობის ფაქტებზე მასალა მოამზადა. ქობულეთის ერთ-ერთ დასახლებაში, რამდენიმე დღიან ინტერვალში 6 სახლი გაქურდეს, აქედან პოლიციას ორმა მიმართა. 3 ფაქტი დაფიქსირდა ასევე მახინჯაურშიც, 1 განაცხადია შესული პოლიციაში.