რკინის კარკასები, ჯიხურები, ღობეები, უწესრიგოდ დაყრილი ტენტები - ბათუმის ზღვის სანაპირო ზამთარში
კომპანიები, რომლებიც სეზონურად კაფეებს ან სხვა ტიპის ობიექტებს ამუშავებენ, ზამთარში მსუბუქ კონსტრუქციებს არ შლიან. დარჩენილი ნივთები კი პლაჟზე ტურისტული სეზონის გახსნამდე რჩება.
ფოტოები ქალაქის ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული, იქ სადაც წლის ნებისმიერ დროს ტურისტები იყრიან თავს, თუმცა ყველაზე ხშირად, ზამთრის თბილ ამინდებში, სანაპიროზე ბათუმელები მიდიან.
პლაჟების ნაწილს იჯარით ბათუმის მერია და ნაწილს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ "ბათუმის ბულვარი" გასცემს.
ვინ უნდა აკონტროლებდეს სანაპირო ზოლს? პლაჟების ნაწილს იჯარით ბათუმის მერია და ნაწილს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ "ბათუმის ბულვარი გასცემს.
ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენელი დათო გამრეკელაშვილი აცხადებს, რომ ბათუმის ბულვარს პლაჟები 3 წლიანი იჯარით აქვთ გაცემული, შესაბამისად მოიჯარეებს არ აქვთ ვალდებულება, ყოველწლიურად დემონტაჟი გაუკეთოს და გაიტანოს კონსტრუქციები, რომელიც პლაჟზეა აგებული.
"ამ კონსტრუქციებს ბუნებრივია ყოველწლიურად ვერ დაშლიან და ააწყობენ, ეს ძალიან ძვირი დაუჯდებათ, ახლა სეზონისთვის, უკვე აპრილიდან, დაიწყებენ მოწესრიგებას და სეზონურად მომზადებას" - გვითხრა დათო გამრეკელაშვილმა.
ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მოიჯარეებს, რომლებსაც 3 წლიანი ხელშეკრულება გაუფორმდათ, ვალდებულება აქვთ წელიწადში მხოლოდ 4 თვე ამუშაონ ობიექტი. შესაბამისად საზაფხულო სეზონის შემდეგ პლაჟი ასე გამოიყურება.
უფრო გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული სასტუმრო "შერატონს", "კემპინსკის" და სხვა კომპანიებს(რომლებსაც მყარი კონსტრუქციები უდგათ პლაჟზე) ბათუმის მერიასთან, თუმცა რა პირობები უდევთ ხელშეკრულებაში და უნდა ზრუნავდნენ თუ არა ზამთარში მოიჯარეები პლაჟის ვიზუალურ მხარეზე, კონკრეტული განმარტებები მერიის შესაბამისი სამსახურთან მოუცლელობის მიზეზით ვერ გავიგეთ.
ბათუმის პლაჟზე დღეს უკვე ათეულობით მყარი კონსტრუქცია დგას, რომელიც პლაჟზე სავაჭრო სივრცის განწყობას ქმნის.