საქართველოში მცხოვრებმა 12 ათასზე მეტმა ადამიანმა წერა-კითხვა არ იცის

21 თებერვალი 2018, 00:00 3060 ნახვა

საქართველოში მცხოვრები 12 ათას 576 მოქალაქე წერა-კითხვის არმცოდნეა. მათ შორის 9 ათას 517 სოფლად ცხოვრობს. 564 მათგანი აჭარაში. დაახლოებით 900 მოქალაქე, 10-დან 20 წლამდე ასაკისაა. მათი თითქმის მესამედი ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობაა - ეს ოფიციალური სტატისტიკაა და ძირითადად 10 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს ეხება. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მაჩვენებლით, წერა-კითხვა იცის, მაგრამ დაწყებითი განათლება 104 ათასზე მეტ მოქალაქეს არ აქვს. მოსახლეობის 8%-ს მხოლოდ საბაზო განათლება აქვს მიღებული.

საქსტატში ამბობენ, რომ მონაცემები საგანგაშო არაა. პირიქით 2002 წლის საყოველთაო აღწერის შემდეგ პროცესი გაუმჯობესებულია. წერა-კითხვის უნარებს კი უფრო მეტი მოქალაქე ფლობს.

გაცილებით მაღალ რიცხვებს ასახელებენ მესამე სექტორში. ამბობენ, რომ საქსტატის მონაცემებში მიუსაფარი ბავშვები ვერ მოხვდნენ. თიკო აბაშიძის განცხადებით, წერა-კითხვის არცოდნის პრობლემა იმ მოზარდებშიც არის, რომლებიც ქუჩაში მუშაობის პარალელურად სკოლაში მისვლას ახერხებენ, სწავლას კი ვერა.

როგორ უნდა დაუბრუნდნენ სკოლებს ე.წ. ‘’უჩინარი ბავშვები’’? იუნისეფში მთავარ გამოწვევად სწორედ მოზარდების იდენტიფიცირებას და მათ საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვას ასახელებენ. ორგანიზაციამ საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად სტატისტიკური მონაცემები შეაგროვა მათზე, ვინც სკოლის მიღმა დარჩა ან სკოლის დატოვების მაღალი რისკის ქვეშაა.

მოწყვლადი ჯგუფების სკოლაში დაბრუნებას სამინისტრო განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის პროგრამით ცდილობს. უწყებაში ამბობენ, რომ უკვე იდენტიფიცირებული 100 მოზარდიდან, რომლებსაც დღის ცენტრში სპეციალური პროგრამით ამზადებდნენ ნაწილს მოსწავლის სტატუსი აღუდგა.

ექსპერტების ნაწილის აზრით, განათლების პოლიტიკა გადასახედია. მათი თქმით სისტემა იმ ბავშვების საჭიროებებს არ ითვალისწინებს, რომლებიც სწავლას მატერიალური პრობლემების გამო ვერ ახერხებენ. სწავლის მიტოვების ერთ-ერთი მიზეზი ნაადრევი ქორწინებაცაა.  

საბაზო განათლების მიღება ყველა მოქალაქისთვის სავალდებულოა. სახელმწიფოს ეს ვალდებულება კონსტიტუციით აქვს აღებული.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი