ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა მოქმედებს. იქ, სადაც წლების წინ ქალაქში შემოსასვლელი ხიდი იყო, ახალი 800 მეტრიანი ესტაკადა შენდება. მანამდე კი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ქალაქის მიმართულებით გადასაადგილებლად ალტერნატიული გზა გაჰყავთ. მოძრაობა უცვლელი დარჩა ბათუმში შემომსვლელებისთვის, თუმცა შეიცვალა ქალაქში გადაადგილების სქემა.
ქალაქიდან გამსვლელი, ბაქოს ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ორი მარშრუტით შეძლებენ მოძრაობას: პირველი მარშრუტია: გოგებაშვილი -> შავშეთი -> ერისთავის ქუჩა; ხოლო მეორე მარშრუტი: გოგებაშვილი -> შავშეთი -> მაიაკოვსკის ქუჩები. მოძრაობა ცალმხრივია გოგოლის ქუჩაზე, მაიაკოვსკიდან ნონეშვილის ქუჩის მიმართულებით. ქალაქის ცენტრალურ გზაზე ესტაკადის მშენებლობისთვის 15 მილიონ 297 ათას 410 ლარი დაიხარჯება.