ნანგრევებად ქცეული კულტურული მემკვიდრეობა მახინჯაურში
რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის აღმზრდელის, გრაფინია მარია ფესენკოს აგარაკი, მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს შენობაში ჰოსპიტალი იყო განთავსებული. ცოტა უფრო მოგვიანებით კი გრაფინია ფესენკოს ყოფილ აგარაკზე, ბავშთა სახლი ფუნქციონირებდა.
წლების განმავლობაში, შენობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახები ცხოვრობდნენ. 2006 წელს მათ ობიექტი დაატოვებინეს.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გრაფინია მარია ფესენკოს აგარაკს დაცვის სამსახურის წარმომადგენლები იცავდნენ. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ობიექტს დაცვა მოუხსნეს.
გრაფინია ფესენკოს აგარაკის ირგვლივ ბაღი იყო გაშენებული. დღეს მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი უკვე კერძო მფლობელების საკუთრებაშია. 2007 წელს, მიწების დაკანონების პროცესი დაიწყო. ადგილობრივების ნაწილმა ტერიტორიების დაკანონება მოახერხეს.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, 2013 წლის 28 ოქტომბრს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახინჯაურში მდებარე, გრაფინია ფესენკოს აგარაკს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
ქონება სახელმწიფოს ბალანსზეა. შენობის რეკონსტრუქცია საკმაოდ ძვირი ჯდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რეაბილიტაციის შემთხვევაში პირვანდელი სახით უნდა აღდგეს.
ფოტო: ირინე წუწუნავა