საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად გამწესებულმა მოსამართლე ევა გოცირიძემ ფიცი დადო. ცერემონიას პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ. პრეზიდენტი მოწვევის მიუხედავად, ფიცის დადების ცერემონიას არ დასწრებია. საკონსტიტუციო სასამართლოში არც ლალი ფაფიაშვილი იმყოფებოდა, რომელიც ევა გოცირიძემ ჩაანაცვლა.
ევა გოცირიძე აცხადებს, რომ ფაფიაშვილმა მას მიულოცა, რაც შეეხება პრეზიდენტის არყოფნას - მიზეზი მისთვის უცნობია. დაიკავებს თუ არა გოცირიძე ფაფიაშვილის მსგავსად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ადგილს? - გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს.
ევა გოცირიძე საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის 1 დეკემბერს აირჩია. მანამდე იგი ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად იყო წარდგენილი, თუმცა მაშინ პროცესი ჩაიშალა, საქართველოს ხელისუფლებამ კონკურსი ხელახლა ჩაატარა და ახალი სია წარადგინა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევამდე, გოცირიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო.
ამ პოზიციაზე მუშაობის დროს იგი სამოქალაქო საზოგადოების ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოექცა, მათ შორის მაშინ როდესაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე ისაუბრა და მოსამართლეთა შეურაცხყოფისთვის რეგულაციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა. ევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის მოვალეობას 10 წლის განმავლობაში შეასრულებს.