ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი გაიხსნა

30 ოქტომბერი 2017, 00:00 3710 ნახვა

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი  ოფიციალურად გაიხსნა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ბაკიტჟან საგინტაევმა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა ლიანდაგში სიმბოლურად ლურსმნები ჩააჭედეს, ისრები გადაიყვანეს და მემორიალური დაფა გახსნეს.

ხუთი ქვეყნის ლიდერებმა პირველი მატარებლით იმგზავრეს, რომელმაც ახლად გახსნილ სარკინიგზო მაგისტრალზე გაიარა. 

‘’დღეს ახალ ევრაზიულ ხიდს ეყრება საფუძველი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს  ერთმანეთთან დააკავშირებს, გააუმჯობესებს და გაზრდის მათ კეთილდღეობას, როდესაც რეგიონი და მსოფლიო მრავალი გამოწვევის და საფრთხის წინაშე დგას, არ არის გასაკვირი, რომ ჩვენი ქვეყნების განვითარებასა და სტაბილურობაზე ორიენტირებული პროექტი ასეთ დიდ ყურადღებას იმსახურებს’’ -  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ახალი სარკინიგზო ხაზი მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ ეკონომიკურ რეალობას და განვითარების სრულიად ახალ პირობებს შექმნის.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ გზით საქართველო მაქსიმალურად უნდა იყოს ინტეგრირებული ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან.

‘’დღეს, საკონტეინერო მატარებელს ჩინეთიდან საქართველომდე, ყაზახეთის და აზერბაიჯანის გავლით, 8 დღე სჭირდება. ვიმედოვნებთ, "ერთი გზა - ერთი სარტყელის"   პოზიტიური ეფექტი  შუა აზიის სხვა ქვეყნებზეც გავრცელდება. ახლა უკვე არის შესაძლებლობა, კონტეინერებმა რკინიგზით მოძრაობა თურქეთის მიმართულებით განაგრძონ - განაცხადა პრემიერმა.

ამავე კატეგორიაში