6 ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანა.
ორი მათგანი ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. 4 დაშავებული კი მკურნალობის კურსს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაივლის.
ავარია ჩაქვში გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, დარტყმის შედეგად ერთ-ერთი მანქანა ამოტრიალდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
თვითმხილველების თქმით, შეჯახებას ძლიერი ხმაური მოჰყვა. ნახეს დაშავებულებიც. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.