ბათომი: ''სერიოზულ კორუფციულ პრაქტიკასთან გვაქვს საქმე''

19 ოქტომბერი 2017, 00:00 3473 ნახვა

კულტურული მემკვიდრეობის დამცვლები, საზოგადოება "ბათომი" ზურაბ პატარაძეს და გიორგი ერმაკოვს წერილობით მიმართავენ. წერილში ნათქვამია,რომ ძველ ბათუმში, ისტორიულ უბანში მშენებლობებზე გაცემული არაარგუმენტირებული ნებართვები, სერიოზული კორუფციის ეჭვს ბადებს.

"მოგახსენებთ, რომ ამა წლის 12 ოქტომბერს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ჩატარდა კულტურული მემკვიდრეობის (ე.წ. „ზონალური“) საბჭოს მორიგი სხდომა, რომელსაც „გუშაგი ძაღლების“ როლში ესწრებოდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აქტივისტები, რომლებმაც გამოხატეს მკვეთრი პროტესტი ერთ–ერთი განსახილველი საკითხის მიმართ. კერძოდ მაზნიაშვილისა და ჟორდანიას კუთხეში (##27/17) მდებარე ისტორიული სახლების დანგრევისა და მის ადგილას ხუთსართულიანი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით.

შემოთავაზებული პროექტის განხორციელება თავისი მასშტაბითა და სტილით დიდ ზიანს მიაყენებს ჯერ კიდევ შემორჩენილ ისტორიულ განაშენიანებას და სავალალო გავლენას იქონიებს მთლიანად ისტორიული ბათუმის ისედაც საფრთხის ქვეშ მყოფ კულტურულ და ისტორიულ მახასიათებლებსა და ფასეულობებზე. ისტორიული განაშენიანების შენარჩუნებითვის ასევე მნიშვნელოვანია აქ არსებული ფონური ღირებულების მქონე ნაგებობების დაცვა. მიუხედავად სხდომაზე გამოთქმული პროტესტისა, კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წევრების უმრავლესობამ (გარდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ორი წევრისა) ჩვეულებისამებრ, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე (შეგიძლიათ იხილოთ ოქმის ჩანაწერი) მხარი დაუჭირა აღნიშნულ პროექტს.

სწორედ ამ საბჭოს წევრების არაკომპეტენტურობისა და გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოებრივი ინტერესების გაუთვალისწინებლობის გამო გწერდით რამდენიმე თვის წინ და მოვითხოვდით კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს დაკომპლექტების და გადაწყვეტილების მიღების წესის შეცვლას.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თქვენი დავალების საფუძველზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მოამზადა მემკვიდრეობის საბჭოს ცვლილების რამდენიმე ვარიანტი, თუმცა მისი განხილვა არ მომხდარა. არსებული კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ქმედებები, მათ მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, სრულ საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ არაკომპეტენტურობასთან, საზოგადოების ღირებულებებისა და ინტერესების ფეხქვეშ გათელვასა და სრულ იგნორირებასთან ერთად, აქ სერიოზულ კორუფციულ პრაქტიკასთან გვაქვს საქმე. ვინაიდან კულტურული მემკვიდრეობის საბჭო მთავრობასთან არსებული ადმინისტრაციული ორგანოა, ამიტომ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესაც ეკისრება.

ამიტომ, სასიცოცხლოდ აუცილებელია დროულად მოხდეს საბჭოს რეფორმირება და მასი დაკომპლექტება კომპეტენტური, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლიანი და კეთილსინდისიერი ადამიანებით.

საბჭოს ამჟამინდელ წევრებს - საჯარო მოხელეებს, სამწუხაროდ არა აქვთ დღევანდელობის შესაფერისი სახელმწიფოებრივი აზროვნება; არ იციან და არც ცდილობენ რომ გააცნობიერონ რამდენად მნიშვნელოვანი რესურსია კულტურული მემკვიდრეობა საზოგადოების მდგრადი სოციალური და ეკონომიკური წინსვლისთვის, ეროვნული იდენტობის განმტკიცებისთვის, ადამიანთა ყოველდღიური გარემოს გაუმჯობესებისათვის, რომ მის გარეშე ვერ მოხდება ქვეყნის სწორი, სიცოცხლისუნარიანი განვითარება. ასევე მათ მიერ არ ხდება საზოგადოების და პროფესიული ჯგუფების რეკომენდაციების გათვალისწინება,ხშირ შემთხვევაში კერძო კომპანიის და საჯარო უწყების თანამდებობის პირის პოზიცია უპირისპირდება საზოგადოებრივ ინტერესს, ქალაქის ცივილურ განვითარებას.

ცალკეა აღსანიშნავი ქალაქ ბათუმის მერისა და მერიის პასუხისმგებელი პირების დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. ბატონ გიორგი ერმაკოვის მერობის პერიოდში არ განხორციელდა მემორანდუმით გათვალისწინებული მთავარი დაპირება – ისტორიულ–კულტურული საყრდენი გეგმის ან თუნდაც მისი ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილის – ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის დამტკიცება; საზოგადოებრივი აზრის ზემოქმედებით მოხერხდა მუშაობის დაწყება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონის საზღვრების დადგენაზე, რომელიც ამა წლის ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს; მაგრამ არ სრულდება მერის ზეპირი დაპირება შესაბამისი რეჟიმის დამტკიცებამდე ისეთი პროექტების განხილვის შეჩერებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, ურბანული მემკვიდრეობის დაცვის პრინციპებს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქალაქის ისტორიულ ნაწილს. სწორედ ამის დასტურია საბჭოს ზემოაღნიშნული სხდომის ოქმი.

ბოლოს, გამოვთქვამთ იმედს, რომ ქალაქის მერი ამჯერად მაინც გაიხსენებს მის მიერ დადებულ პირობას, გამოიჩენს კეთილგონიერებას და არ შეითანხმებს აღნიშნულ პროექტს. საზოგადოება „ბათომი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი