მერაბ ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი. პაატა შავაძის თქმით, ღოღობერიძესთან კომუნიკაცია ჰქონდა. მისი დაცვის ქვეშ მყოფმა უთხრა, რომ ხვალ ოპერაცია ჩაუტარდება. ქირურგიული ჩარევისთვის რომელ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ ბრალდებულს? უფლებადამცველმა არ იცის. პაატა შავაძემ იცის, რომ მერაბ ღოღობერიძე სასამართლოში ჩანიშნულ შემდეგ პროცესსაც ვერ დაესწრება.
დღეს 11-12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბრალდებული მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი არ შედგა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს კვლავ მოწმეები უნდა დაეკითხათ. მოსამართლე დავით მამისეიშვლის განცხადებით სასამართლოში დღეს დოკუმენტი მიიღეს, რომელშიც ღოღობერიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობდა და განმარტავდა, რომ აღნიშნულის გამო ის დღევანდელ პროცესზე ვერ გამოცხადდებოდა.
,,სასჯელაღსრულების დაწესებულებამ არ მოგვაწოდა ინფორმაცია, იმის შესახებ იქნებოდა თუ არა დღეს მერაბ ღოღობერიძის ბადრაგირება შესაძლებელი. ნამდვილად არ ველოდები მათი მხრიდან მსგავს ქმედებას. ეს ხელს შეგვიშლის მოწმეების დაკითხვასა და მტკიცებულებების გამოკვლევაში. კეთილი უნდა ინებონ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და შესაბამისი აქტი წარმოადგინონ’’ - განაცხადა დავით მამისეიშვილმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა 7 ოქტომბერს ჩაინიშნა.