მსოფლიოში სულ 36 ქალია, რომელმაც ჭადრაკში გამარჯვება მამაკაცთა შორის მოიპოვა და"გროსმაისტერის" წოდება მიიღო, მათ შორის უკვე ბათუმელი ნინო ბაციაშვილია. მოჭადრაკემ უმაღლესი წოდება რამდენიმე დღის წინ მოიპოვა, თუმცა სტატუსს ოფიციალურად ფიდეს უახლოეს კონგრესზე მიანიჭებენ.
ნინომ სტატუსი მას შემდეგ მიიღო, რაც ინგლისში ტურნირზე მისმა რეიტინგმა 2500 გადააჭარბა და გამარჯვება მამაკაცთა შორის მოიპოვა. თამაშები ე.წ "სტარ კლუბის" წევრებთან ჰქონდა. დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონი ქალი ჰოუ იფანი, ითამაშა ესპანეთის ნაკრების ლიდერ ვალეხოსთან და ინგლისის ლიდერ ჰოუელთან, რომელთა რეიტინგები სცდება 2700. მოჭადრაკის ამაყია იმით, საქართველოში მე-5, ხოლო აჭარაში ერთადერთია, რომელმაც ამ სტატუსის მოპოვება შესძლო.
“მამაკაცთა შორის დიდოსტატობა ე.წ "გროსმაისტერობა" ჭადრაკში უმაღლესი წოდებაა. მისი მოპოვებისთვის ფიდეს რამოდენიმე კრიტერიუმი უნდა შეასრულო, მე უმაღლეს დონის მსოფლიოს წამყვან კაც მოჭადრაკეებთან ვითამაშე და ეს წოდებაც მოვიპოვე, რითაც საჭადრაკო კარიერის ერთი ეტაპი შევასრულე, ოცნება ავიხდინე. ახლა კიდევ უფრო მოტივირებული ვარ წარმატებით ვიასპარეზო და გამარჯვებები მოვიტანო როგორც საქართველოს ნაკრებში, ისე ინდივიდუალურ ჩემპიონატებზე, თუ შესაბამისი მხარდაჭერაც იქნება" - ამბობს ბაციაშვილი.