მიმართვა პრეზიდენტს

24 სექტემბერი 2017, 00:00 1992 ნახვა

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართა. პარლამენტს რიგგარეშე სხდომის ჩატარება 26 სექტემბრისთვის სურს. კონსტიტუციაში და ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ხვალ, მესამე მოსმენით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. ხვალვე ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც არსებული ინფორმაციით, რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

კონსტიტუციის პროექტში მხოლოდ სარედაქციო ტიპის ცვლილებები შევა. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სრულიად ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირება დააანონსა, რომლითაც ე.წ. ბონუსის სისტემა გაუქმდება და ერთჯერადად - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, 3%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში, ბლოკების შექმნის შესაძლებლობა შენარჩუნდება.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, რომელსაც პარლამენტი მომავალ კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებს, საპარლამენტო მმართველობის სისტემა ყალიბდება. კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, ერთ-ერთი საკვანძო პრინციპი შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა, თუმცა პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება, მომავალი 2020 წლის არჩევნები კი, კვლავ არსებული შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, თუმცა ამ არჩევნებისთვის, ერთჯერადად, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი იმოქმედებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი