მექსიკაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ვულკანი ამოიფრქვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 226 ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყნის დედაქალაქში 44 შენობა მთლიანად დაინგრა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და გაერომ მექსიკის ხელისუფლებას დახმარება შესთავაზა. სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.
მიწისძვრის დროს უძველესი ეკლესია დაინგრა, სადაც წირვა მიმდინარეობდა. 15 ადამიანი დაიღუპა. მექსიკელი სეისმოლოგების მონაცემებით, ბიძგების სიმძლავრე, რომლის ეპიცენტრი მორელოსის შტატში დაფიქსირდა, 7,1 და 6,8 მაგნიტუდა იყო. დაზარალებულ რაიონებსა და დედაქალაქ მეხიკოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ყველაზე მასშტაბური სამაშველო ოპერაცია სკოლაში მიმდინარეობს, რომელიც სასწავლო პროცესის დროს დაინგრა დაიღუპა 30 ბავშვი. 11 ბავშვი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაციებში 3 ათასი სამხედროა ჩართული.
დედაქალაქის ტერიტორიების ნახევარს ელექტროენერგია არ მიეწოდება, მორელოსის შტატში კი მოსახლეობის 60% უშუქოდაა დარჩენილი.